თეგი: სატრანსპორტო დერეფანი

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ჩრდილოეთ სატრანსპორტო დერეფნის რისკები გაიზარდა, მისი ალტერნატივის შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, როგორც მანძილის, ისე ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის კუთხით. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შუა სატრანსპორტო დერეფანი ფარავს იმ ქვეყნებს, რომელთა წილიც მსოფლიო ვაჭრობაში 30%-ია. „სატვირთო მატარებელი, რომელიც დღეს ჩინეთიდან ევროპისკენ მიემგზავრება, შუა დერეფნის გავლით, 7000 კმ მანძილს 12 დღეში გადალახავს. იგივე მატარებელი ჩინეთიდან ევროპას პროდიქციას 10000 კმ-ზე რუსეთის ტერიტორიის გავლით, ჩრდილოეთის მარშრუტით 12, დღეში მიაწვდის. თუ ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება სამხრეთ დერეფნის გასწვრივ სუეცის არხის გავლით, მაშინ ევროპაში მომხმარებლებს მოუწევთ 45-დან 60 დღემდე ლოდინი აზიიდან ტვირთის მისაღებად 20 000 კმ მანძილის დაფარვის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა. კარაისმაილოღლუს თქმით, ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მომგებიანობას. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე შუა სატრანსპორტო დერეფნით 1 მილიონ 070 ათას ტონამდე ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის მიწოდების დრო 12-დან 10 დღემდე შევამციროთ. ფსონს დავდებთ თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა.  

თურქმენეთი „ლაპის ლაზულის“ დერეფნის გააქტიურებას ცდილობს, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა

თურქმენეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების წარმატებულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს.   „თურქმენეთის მთავრობის მხარდაჭერა არსებითი იქნება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების, კერძოდ, „ლაპის ლაზულის“ დერეფნის წარმატებული განვითარებისთვის, რათა შედგეს რეგიონული კავშირი, რაც რეგიონში კეთილდღეობასა და საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.  ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში აცახდებენ, რომ ამ მარშრუტების გასწვრივ ყველა ქვეყანამ, ტრანსსასაზღვრო საკითხებში კოორდინაცია, გლობალურ და რეგიონულ დონეზე უნდა დაიწყოს.  დერეფანი „ლაპის ლაზული“ შეიქმნა სატრანზიტო და სავაჭრო თანამშრომლობისათვის ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რომლის მიზანია გადაზიდვების და ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების შემცირება და რეგიონში საბაჟო პროცედურების ინტეგრაციის განვითარება. დერეფანი „ლაპის ლაზული“ იწყება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აქინა (Aqina) და ჰერათის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქუნდი (Turqundi) და გრძელდება თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტამდე თურქმენბაში, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით შედის ბაქოში და საქართველოს დედაქალაქს უკავშირდება, შემდეგ კი ფოთისა და ბათუმის პორტებს. მარშრუტი გაივლის აგრეთვე თურქეთის ქალაქებს ყარსსა და სტამბოლს, ბოლოს კი ევროპას უკავშირდება.    „ამავდროულად, ეს ქვეყნები სწრაფად უნდა გადავიდნენ სატრანსპორტო დოკუმენტებისა და პროცედურების გაციფრულებაზე. ასევე გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკა და გლობალური სტანდარტები სასაზღვრის გადაკვეთისას სხვა პრობლემების გადასაჭრელად. „ლაპის ლაზულის“ დერეფნის განვითარება, რეგიონში თურქმენეთის, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას გააძლიერებს “, - განაცხადეს IRU-ში. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქმენეთი და IRU ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. თურქმენეთი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კონვენციას (TIR) ​​1996 წელს შეუერთდა.  

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება

დსთ-ს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობის სფეროში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ორშაბათს დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებაში. „ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის ახალი მექანიზმები და ფორმატები დსთ-ში სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა თოყაევმა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (სსდ) “ჩრდილოეთი–სამხრეთი”- ეს არის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების მულტიმოდალური (ტვირთების ან მგზავრების ტრანსპორტირება ერთი ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ სრულდება ტრანსპორტის არანაკლებ 2 სახეობით) მარშრუტი სანქტ–პეტერბურგიდან ბუმბაის (ინდოეთი) პორტამდე. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნა ინიცირებული იყო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ კასპიისპირეთის რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნის იდეა 1993 წელს გაჩნდა, მაგრამ შესაბამის შეთანხმებას მხოლოდ 2000 წლის 12 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა, რატიფიკაცია კი 2002 წელს მოხდა. 2005 წელს პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი. მოგვიანებით, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შეთანხმებას შეუერთდა 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. იდეის რეალიზაცია დამუხრუჭდა დასავლეთის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო. 2016 წლის იანვარში, სანქციების მოხსნის შემდეგ, პროექტმა კვლავ შეიძინა აქტუალურობა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სიგრძე 7 ათას კმ-ზე მეტია. ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალზეა, რომელზეც გადის მარშრუტის სახმელეთო ნაწილის 35-53%. რუსეთისთვის ამ დერეფნის ძირითადი მიმართულებაა ბუსლოვსკაია-სანქტ-პეტერბურგი-მოსკოვი-რიაზანი-კოჩეტოვკა-რტიშჩევო-სარატოვი-ვოლგოგრადი-ასტრახანი. ამ მიმართულების სიგრძე 2 513 კმ-ია. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სამხრეთი ნაწილი ითვალისწინებს სარკინიგზო მაგისტრალებით ტვირთების გადაზიდვის რამდენიმე მარშრუტს: ტრანსკასპიის მარშრუტი: რუსეთის საზღვაო პორტების - ასტრახანის, ოლიას, მახაჭყალისა და ირანის პორტების - ბენდერ-ენზელის, ნოუშეჰერისა და ბენდერ-ამირაბადის - გამოყენებით; დერეფნის დასავლეთის შტო - პირდაპირი სარკინიგზო ხაზი სასაზღვრო გადასასვლელების გავლით - სამური (რუსეთი) - იალამა (აზერბაიჯანი), შემდეგ - ირანის სარკინიგზო ქსელი სასაზღვრო გადასასვლელების ასტარა (აზერბაიჯანი) - ასტარას (ირანი) გავლით; დერეფნის აღმოსავლეთი განშტოება - ეს არის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით ირანის სარკინიგზო ქსელამდე გასვლით: სერაქსი (თურქმენეთი) - სერაქსი (ირანი) და აკიაილა (თურქმენეთი) - ინჩე ბურუნი (ირანი). ამჟამად სწორედ ზემოაღნიშნული მარშრუტით მოძრაობს რუსეთის საექსპორტო ტვირთები აზერბაიჯანსა და ირანში.  

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის შედეგად საქართველო სარგებელს მიიღებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის დადებით პერსპექტივად, ფულადი ნაკადების შემოდინებასა და სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციას განიხილავს. ნათქვამია ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა.  „საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას, რაც 2022 წლის ბოლო შეფასებით, 10 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4 პროცენტამდე და ძირითადად ასახავს 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეულ საბაზისო ეფექტს, ისევე როგორც ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებას (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას. საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5 პროცენტის ფარგლებში. ინფლაციის წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდა მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად (დეკემბერში წლიური 9.8 პროცენტის დონეზე). მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად. ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილული იყოს  ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო. საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა  იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.   

ილია დარჩიაშვილი: რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მინისტრმა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით. „საქართველომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას, დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. აგრეთვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოიყოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა, ხელი მოაწერეს ქართული მხარის ინიციატივით დაწყებულ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არამხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი, ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით. ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებაში, საქართველოზე გამავალი დერეფნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების/მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათი გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხო, შეუფერხებელი გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება. მნიშვნელოვანია დაგეგმილი დერეფნების, განსაკუთრებით კი კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის დროული ამოქმედება. ზემოხსენებული გათვალისწინებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და პოპულარიზაციას (მათ შორის სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის ახალი ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი და სხვ). ამ მიზნით, მიმდინარე წელს გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა მონაწილეობა მიიღეს ან ხელი შეუწყვეს ქვეყნის უწყებების მონაწილეობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. რაც შეეხება მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტს, დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. „ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელს შორის, რომელიც მიმართულია, როგორც მთლიანობაში ნდობის აღდგენისკენ, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ინიციატივა უმასპინძლოს მსგავს დიალოგს საქართველოში. ეს შესაძლებლობა/შეთავაზება კვლავ ღიაა და მზად ვართ პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. მოგეხსენებათ, ქართული მხარის შუამავლობით, 16 ივლისს, თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. ასევე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს შუამავლობით, პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით და კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესების დაცვით გაათავისუფლა. მივესალმებით ჩვენი პარტნიორების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოებულ დიალოგს და ვთვლით, რომ დიალოგი არის პერსპექტიული როგორც ნდობის აღდგენის, ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის კუთხით და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები. ხაზგასასმელია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში. მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების, განხორციელებას და ვთვლით, რომ ახალი პროექტების იმპლემენტაცია განამტკიცებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნით დაინტერესებას, როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნების მხრიდან, ხოლო ჯანსაღი კონკურენცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. აღნიშნული პროექტები ატარებს წმინდად ეკონომიკურ ხასიათს და ამასთან გევლინება პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად. რაც შეეხება კითხვას ოკუპირებუ ლიაფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ზემოხსენებულ სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც მისი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. „მსგავსად, რუსეთის ცდილობს ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ წარმოაჩინოს, ასეთი ფორმით მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს და აიცილოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ვალდებულება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის (TRACECA) შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ფონდი შესაძლოა, მომავალ წელს ამოქმედდეს. ბაირამოვის თქმით, ფონდში მოწვეული იქნება TRACECA-ს ყველა ქვეყანა, საერთაშორისო კომერციული კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა რუფატ ბაირამოვმა განუცხადა. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფონდის წესდებაზე. წელს ირანში TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ვამზადებთ ყველა დოკუმენტს, რომ სხდომაზე მივიღოთ გადაწყვეტილება ფონდის შექმნის შესახებ. ფონდმა შესაძლოა, მომავალი წლიდან დაიწყოს მუშაობა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. მისი თქმით, ფონდის შექმნის მთავარი მიზანია TRACECA-ს განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.   ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.